logo
ENG



"გზა შეიზღუდება, ადგილს შეისწავლიან" - მერია ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარ ქვათაცვენაზე

17 აგვ 202322:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/17/mg0u4e82s7vpecm.jpg

თბილისის მერია ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ადგილზე გზა შეიზღუდება და მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

"გაცნობებთ, რომ დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა.

კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა.

ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში.

სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია.

გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

ეს არ არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვანი ფერდიდან ქვათაცვენის პირველი შემთხვევა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადეები მოეწყობა.


close დახურვა